პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიდი გრაუს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

“ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან წარმატებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ სააგენტომ თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს შვეიცარიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ჰაიდი გრაუს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.