ლევან დავითაშვილი – საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა

საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სომხეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიმბოლურია პრემიერის ერთ-ერთი პირველი უცხოური ვიზიტი ჩვენს უახლოეს მეზობელ ქვეყანაში. საქართველოსა და სომხეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის კუთხით სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ის არის მე-4 ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წელსაც, იმედია, რომ გაიზრდება, დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანზიტო კუთხით სომხური ტვირთისთვის საქართველო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტურისტული ბაზარი. სომხეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. საქართველო პოპულარული დანიშნულების ადგილია სომეხ ვიზიტორებს შორის და ეს კავშირები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გრძელდება, კიდევ უფრო იმატებს დინამიკა ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის გათვალისწინებით”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.