„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციას დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც შეუერთდა

დღეს, მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონტრ-აქციაზე, ახალციხის მერიის მიერ გასულ წელს შეძენილი ავტობუსებით ახალციხიდან თბილისში რამდენიმე ასეული ადამიანი გაემგზავრა.

მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მერიიდან ტრანსპორტი იქირავა.

ჩვენ ვკითხეთ, რა თანხა გადაუხადა პარტიამ მერიას ავტობუსების დაქირავებაში? თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. სად წავიდნენ ახალციხელები ამ ტრანსპორტით, რომლის საბოლოო დანიშნულება იყო თბილისი, პარლამენტთან და არა ახალციხის რომელიმე სოფელი? – ავტობუსებში მსხდომთა თქმით, ზოგი დაბადების დღეზე მიდიოდა, ზოგი ნათესავებთან, ზოგი ქორწილში, ზოგი დედამთილთან, ზოგიც დაკრძალვაზე.

ზოგიერთმა საერთოდ არ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს, ზოგი კი ცდილობდა დაეცვა თავისი კლასი, ენა და რწმენა. მაგრამ ვისგან? ეს კითხვა უკვე უპასუხოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია და მოქალაქეების უპრეცედენტო პროტესტის გამო გასულ წელს ამოღებული „რუსული კანონი“ ხელახლა დარეგისტრირდა და პირველ მოსმენაზე მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მას შემდეგ თბილისში ყოველდღიური საპროტესტო აქციები იმართება.

ე.წ. „რუსული კანონი“ დღეს დილით მეორე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. განხილვისას ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გარიცხა.