კოსტავას ქუჩაზე დაზიანებულია აივნები-ახალციხე

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე გავლისას არა მარტო წინ, არამედ ზევითაც უნდა გაიხედოთ, რადგან ძველი შენობის ძველი აივნები დაზიანებულია, ბეტონის იატაკი დაზიანებულია. სასტუმროს აქვს 8 აივანი, აქედან 4 დაზიანებულია.

როგორც გავარკვიეთ, ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ შპს „ვიქტორიას“ ეკუთვნის, რომლის დირექტორიც ჯემალ ჟუჟუნაძეა. გარდა ამისა, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კომპანიას ჰყავს 4 აქციონერი, მათ შორის ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის მეუღლე ქეთევან კოპაძე 25% წილს ფლობს, თენგიზ ბუცხრიკიძე 13%-მდე წილის მფლობელია.

ჩვენმა სარედაქციო ჯგუფმა მოახერხა ბუცხრიკიძესთან დაკავშირება, რათა გაერკვია, იციან თუ არა ზემოთ აღნიშნული პრობლემის შესახებ და რა გეგმები აქვთ. ბუცხრიკიძის თქმით, შენობის რეაბილიტაციას გეგმავენ, თუმცა კონკრეტულად როდის ვერ აკონკრეტებს.

ქეთევან კოპაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია. ჩვენ ყოფილ დეპუტატსაც დავუკავშირდით, როგორც მან გვითხრა, ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და მეუღლის საქმეებში არ ერევა.

ჩვენ ახალციხის მერიასაც დავუკავშირდით, მათ მოგვწერეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ზეპირი მოლაპარაკებები გამართეს მეპატრონეებთან. ამ ეტაპზე მერია გეგმავს ოფიციალურ მიმართვას და თუ პრობლემა არ მოგვარდება, დაიწყება სასამართლო პროცესი.

„მესაკუთრეებთან რამდენჯერმე გვქონდა ზეპირი საუბარი, როდესაც ქალაქის ცენტრალური ტერიტორიის აღდგენა მიმდინარეობდა. მათ ალბათ ვერ გადაჭრეს პრობლემა. ამჯერად მერია განცხადებას ოფიციალურად წარადგენს და თუ არ იქნება გათვალისწინებული, დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს“, – ნათქვამია მერიის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ეს არის იგივე შენობა, საიდანაც 2020 წელს ფანჯარა გადმოვარდა, ფეხით მოსიარულეს დაეცა და მკლავი დააზიანა.