ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, ახალი როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შექმნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული ვითარება, ხაზი გაესვა რეგიონის განვითარების პროცესში ანაკლიის პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას.

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე.

„სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში. ასევე, დაეხმაროს სომხეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და გაუზიაროს მიღებული გამოცდილება”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.