2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.
„British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. British Airways-ი American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, OneWorld თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ.
American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.