წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის ზოგიერთი ქმედება ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია.
„კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული.
რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ, რაც როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც აისახა. ანგარიშებში ასევე აისახა საოფისე სივრცეების, საარჩევნო კამპანიის გასამართი და საარჩევნო მასალის გაკვრისთვის განკუთვნილი ადგილების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები. პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა თავისი პლატფორმების მეშვეობით სოციოეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესწილად ზოგად გეოპოლიტიკურ გარემოს უკავშირდება და მეტისმეტად განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევს და შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.
ODIHR-ის მიერ წარსულში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად 2021 წელს საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო კამპანიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა მონაწილეობის რეგულაციების გაძლიერებას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე აკრძალულია ისეთი ახალი პროექტების წამოწყება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსი გაეუმჯობესებინა გადაწყვიტა, რაც ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია.
სექტემბერში პარლამენტმა აამოქმედა კანონი, რომლის მეშვეობითაც სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრს ამნისტია შეეხო. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და მისი აღსრულება გარკვეულ ნაკლებს შეიცავს.
სოციალური ქსელებით მიმდინარე საარჩევნო კამპანია არ რეგულირდება. სოციალური სქელები, განსაკუთრებით კი „ფეისბუკი“ ინფორმაციის მიღების მეორე ყველაზე მსხვილი წყაროა ტელევიზიის შემდეგ.
ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ხაზგასმით აღნიშნა ონლაინ წარმოებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა. თუმცა, გამოთქვა შეშფოთებაც, რომ ამ გზით შესაძლოა გავრცელდეს დეზინფორმაციაც და მანიპულაციური ინფორმაციაც, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს საარჩევნო კამპანიის დისკურსსა და ზოგადად, ამომრჩევლების მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელებით მიმდინარე კამპანიას შემდგომში მისი ტონისა და თემატური სურათის თვისებრივი ანალიზის მოსამზადებლად”, – ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.