„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალციხეში შემეცნებითი ტური გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.
მათივე ცობით, გასვლითი ტურის ფარგლებში სსე-ის თანამშრომლები ახალციხის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ. ჩაატარეს პრეზენტაციები უფროსკლასელებისთვის, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე.
„საუბარი ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხო და შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
ტურის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ ახალციხის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ კონვექტორულ სადგურს, დაათვალიერეს სადგურში განთავსებული ორი 350 მეგავატიანი მუდმივი დენის ჩანართი (HVDC Back-to-Back Station), რომელიც კავკასიაში პირველად სწორედ საქართველოში დამონტაჟდა. ასევე მოინახულეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი. სსე-ის ენერგეტიკოსებმა მოსწავლეებს გააცნეს ზოგადი ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.