ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება


ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებით მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე გამომძიებელი და “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი დაიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა 5 ივლისის მოვლენები, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და ასევე მის მიმართ მოპედის დაჯახება.

დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მურად დევლარიშვილმა ისაუბრა და მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა. აღნიშნულის საფუძვლად მან საკუთარი ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობა დაასახელა.

„არაფერი დამიმალავს, ნამდვილად დავარტყი ხელი ერთ ადამიანს. ბავშვების მომავალი, არსებობა, საბანკო ვალდებულებები ჩემზეა.

11 წლის ბავშვი მეორე სემესტრიდან სკოლაში არ მისულა, სოფელში გავუშვი მამაჩემთან, რომ ყურადღება მიაქციოს. 8 წლის დემეტრე ამბობს, რა ჩავიდინო ისეთი, რომ მამასთან წავიდეო“, – განაცხადა დევლარიშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.