პრემიერი კითხვაზე, განიხილავს თუ არა თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას – ვიხელმძღვანელებ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას, არასოდეს გავაკეთებ

პრემიერი კითხვაზე, განიხილავს თუ არა თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას – ვიხელმძღვანელებ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე – რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას, არასოდეს გავაკეთებ


ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში არ იყოს ომი, იყოს მშვიდობა, აღდგეს მათი ტერიტორიული მთლიანობა და მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის იხელმძღვანელებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არასოდეს გააკეთებს იმას, რაც პოტენციურად გააუარესებს საქართველოს მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს.

ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„ჩვენ ახლა ვაკვირდებით სიტუაციას, თუ როგორ იმოქმედებს დასავლეთი, რა საპასუხო ზომებს მიიღებს და როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებ ანალიტიკას, დაზვერვის ინფორმაციას და ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, განიხილავს თბილისი დასავლეთის სანქციებზე მიერთებას, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “ყველაფერს, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენი მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ“.

„ერთი რამ მინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვა, რომ არ იყოს სპეკულაციები და რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ და ვიხელმძღვანელებთ. სხვა ყველაფერი, რაც პოტენციურად გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას, ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ეს არის ძალიან ცხადი ნათქვამი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ოპონენტების კრიტიკაზე, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკას აჟღერებს პატიმარი, „რომელიც იყო პრეზიდენტი, 2008 წლის ომის დროს ჩააბარა კოდორი, იარაღი, 100-ზე მეტი სოფელი და გამოიქცა ფორთხვით“.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ისე დასრულდება თუ ასე დასრულდება უკრაინაში მოვლენები, ამას ჩვენზე შედეგი და გავლენა ექნება. ასევე ექნება გავლენა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და სისტემაზე. მე დღეს მოვისმინე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამონათქვამები, რატომ არ უერთდებიან ქართველი პოლიტიკოსები და საქართველო სანქციებს და რატომ არ უწესებენ სანქციებს რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამო?! ამას ვისმენ იმ პატიმრისგან, რომელიც იყო პრეზიდენტი და 2008 წლის ომის დროს ჩააბარა კოდორი, იარაღი, 100-ზე მეტი სოფელი, ტერიტორიები და შემდეგ გამოიქცა ფორთხვით. ამის შემდეგ მოაწერა კაპიტულანტურ განცხადებას ხელი. ამის შემდეგ რუსულ კომპანიებს ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციები განეხორციელებინა და დაბალ ფასად მიჰყიდა სტრატეგიული, ენერგეტიკული თუ სხვა ობიექტები. ამის შემდეგ ამ პატიმარმა კაცმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააკეთა; მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოუწერა ხელი ოკუპანტ რუსეთს და დღეს ეს ადამიანი ბედავს ჩვენს გაკრიტიკებას. ამხელა პოლიტიკურ უნამუსობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ეს ნორმალურია, მესმის, იმ ღალატის შემდეგ, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ რამით გადაფარონ და სხვას დააბრალონ თავისი გაფუჭებული. მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ, დღეს სხვა ქვეყანა ვართ, სხვა ხელისუფლება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.