ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს —სამხარაულის ბიურო მეგა ბაქრაძის ექსპერტიზაზე

ქართველმა ექსპერტებმა პროცესში ჩართვაზე უარი განაცხადეს —სამხარაულის ბიურო მეგა ბაქრაძის ექსპერტიზაზე


ახალციხელი მედდის მეგა ბაქრაძის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა, თუ რა არის დღემდე ცნობილი ამ საქმის გამოძიების შესახებ. ამ დრომდე გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი კვლავ დაუდგენელია.

დღეს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ ქართველმა სპეციალისტებმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ახლა საკითხის შესასწავლად თურქეთიდან არის მოწვეული ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

„ბიურომ მოიძია თურქი სპეციალისტი რეანიმატოლოგი და ალერგოლოგ-იმუნოლოგი, რომელიც ჩაერთვება პროცესში და დასკვნა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაკეთდება“, – აცხადებენ ბიუროში.„მეგის საქმე თაროზეა“, – ამბობს გარდაცვლილი მედდის მეუღლე, მანუჩარ კობახიძე.

Მეგი ბაქრაძის საქმეზე პარლამენტში განცხადება სამცხის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა გასული წლის 28 აპრილს გააკეთა. მან სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე და გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გაცემაზე ისაუბრა.

 რა ეტაპზე იყო კომპენსაციის საკითხი განცხადებიდან 10 თვის შემდეგ, დღეს ვცადეთ ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატთან დაკავშირება, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებენ.

საკითხით ასტრაზენეკაც დაინტერესდა, თუმცა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი გვეუბნება, ასტრაზენეკა ზომებს მას შემდეგ მიიღებს, რაც გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად გახდება ცნობილი.

ფოტო გადაღებულია TV9-ის მიერ