საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ფასის კიდევ გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო პურის ფასს დაასუბსიდირებს.
როგორც სილაგავამ აღნიშნა, სუბსიდირების საკითხს, სავარაუდოდ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.
„ჩვენი ასოციაცია მთავრობასთან კომუნიკაციაში ვართ. უფრო გაძვირებული ფქვილისა და ხორბლის შემთხვევაში, რაც ალბათ იქნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასუბსიდიროს პურის ფასი.
შესაძლოა 80 ლარის ფარგლებში იტრიალოს 1 ტომარა ფქვილის ფასმა. ასევე იმპორტირებულის გაძვირება მოხდება. დღეს პურის ფასზე ლაპარაკი არაა, შენარჩუნებული იქნება, მაგრამ შემდეგ გაძვირებას, რაც აუცილებლად იქნება, რადგან ხორბალიც გაძვირებულია, სახელმწიფო სუბსიდირებით დააზღვევს. ჩვენი სამიზნე დრო, რომ ხორბალი შემოვიტანოთ და მარაგები არ შეჩერდეს, დაახლოებით 1-ელი ივნისია. ეს ის დროა, როდესაც ახალი მოსავალი იწყება. ეს გარკვეულწილად გადაგვატანინებს კრიზისს, რომლის წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდება. თუმცა კრიზისი ფაქტობრივად უკვე არსებობს.
სუბსიდირება 99%-ით გადაწყვეტილია. ვიცით, რომ მთავრობის შემდგომ სხდომაზე უნდა გავიდეს ეს საკითხი. უბრალოდ პარამეტრებია დასადგენი, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.
ამასთან, სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე ხორბლისა და ფქვილის 1 თვის მარაგი არსებობს.
„ხორბალზე და ფქვილზე არის დაახლოებით 1 თვის მარაგი. ეს არის სტანდარტი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თემაში სწორად ჯდება. მარაგი არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მარაგი და მის ამოწურვას ველოდებით. მარაგი ნიშნავს იმას, რომ ხარჯვის პარალელურად შემოდის ის რაოდენობა, რაც იხარჯება. ეს არის სამუშაო პროცესი. ნაწილი შემოდის რუსეთიდან, რომელიც ძველი კონტრაქტებითაა გათვალისწინებული. ხელშეკრულება იდება მულტინაციონალურ კომპანიებთან, მათ შორის მათთან, ვინც რუსეთში მომუშავეები იყვნენ. მათ აქვთ პირობა, რომ შეასრულონ კონტრაქტები, რომელიც დადებული აქვთ. ასე რომ, რუსეთიდან მოდის, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩანაცვლება ხდება, შესაბამისად, ქვეყნები გადალაგებას აკეთებენ“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისივე თქმით, საქართველოს გამოწვევა სხვა ექსპორტიორ ქვეყნებზე გადართვაა.
„ჩვენი გამოწვევაა, რომ სხვა ქვეყნებზე გადავერთოთ. გადართულიც ვართ – ყაზახეთია ალტერნატივა. ასევე რუმინეთის პორტი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე რუსული. ასევე არსებობს სქემა, როდესაც უკრაინა განიხილავს თავისი ხორბლის რუმინეთისკენ წაღებას, დასავლეთ უკრაინიდან დუნაის საშუალებით. შესაბამისად, პირველი შოკები ფაქტობრივად გავლილია და გადალაგებები ხდება. ჩვენ გარკვეულ სტაბილიზაციას ველოდებით“, – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.