Headlines

პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს


პარლამენტი, პირველი მოსმენით, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. პროექტი სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს ეხება.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულმა/გამოცემულმა სამართლებრივმა აქტმა ან განხორციელებულმა მოქმედებამ ან უმოქმედობამ სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს.

“კანონის მოქმედი რედაქცია გვეუბნება, რომ აუცილებლად ნორმატიული აქტი უნდა იყოს დარღვეული, რომ დავა განხილული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში. პრობლემადაა დატოვებული საკითხი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დავა არსებობს კონკრეტულ ორგანოებს შორის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. სწორედ ამ პრობლემის პროცედურულ მოწესრიგებას ემსახურება ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, შემოთავაზებული ცვლილების მიღება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების გამდიდრებას, კომპეტენციებთან დაკავშირებით სიცხადეს შეიტანს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში და ის არ იქნება რაიმე ტიპის დასჯის მექანიზმი.