დღეს სომხეთს სერიოზული შიში აქვს, რომ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ აქვს ამბიციები და ტერიტორიული პრეტენზიები. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
მინისტრმა შეახსენა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენჯერმე შეიჭრა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე.
„სამწუხაროდ, დღესაც არის სერიოზული შიში, რომ მეზობელ ქვეყნებს, კერძოდ აზერბაიჯანს, კვლავ აქვთ ამბიციები და ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ. ასევე არსებობს გარკვეული დათქმები სრ სუვერენიტეტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, რეგიონულ ინფრასტრუქტურას. ასე რომ, ეს შიშები დღესაც არსებობს“, – განაცხადა მირზოიანმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანთან სასაზღვრო პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ, მაგრამ მკაფიო გამოსავალი ჯერ არ არის.
„მოგვარების პროცესი მიმდინარეობს, ხან გვეჩვენება, რომ გამოსავალთან ახლოს ვართ, ხან კი ვხედავთ, რომ ახალი დაბრკოლებები ჩნდება“, – განაცხადა მირზოიანმა.