2024 წელს ახალციხის მერია დათვის ორმეტრიანი მორთულობით დახვდება, რაზეც 17 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეკორატიული 3D დათვი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლისა და არაუმეტეს 1,5 მეტრისა.
რატომ აირჩია მერიამ დათვის ფიგურა და არა სხვა? რა ხელმძღვანელობდა მათ გადაწყვეტილების მიღებისას? – მერიიდან მივიღეთ შემდეგი პასუხი, ციტატა: „საახალწლოდ ქალაქის სკვერები და ცენტრალური ქუჩები საახალწლო დეკორაციებითა და განათებებით იქნება მორთული, როგორც ახალი, ისე წინა წლებში შეძენილი. ასევე, ახალი დეკორაციები და რამდენიმე მანათობელი ფიგურა გადაეცემა საქართველოს მთავრობის საჩუქრად. ამ ტენდერთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი დამატებით განათების დეკორაციის შეძენას გეგმავს. შეისწავლეს ბაზარზე არსებული სხვადასხვა დიზაინი, რის შემდეგაც შეირჩა შემოთავაზებული დათვის ნიმუში“.
ამ სახელმწიფო შესყიდვებზე წინადადებების მიღება 25-28 ნოემბერს მოხდება.
გარდა ამისა, მერია დამატებით 20 მეტრი ლურჯი და 20 მეტრი მწვანე ფარნების (გირლანდების) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 3700 ლარია გათვალისწინებული.
წინადადებები მიიღება 25-28 ნოემბრამდე.