შევხვდი ამ ადამიანებს [მასწავლებლებს], ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც მასწავლებლების პროტესტს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ხვდება ყველას და მათთვის მნიშვნელოვანია თითოეულის გულისწუხილი.
„ჩვენ ყველას ვხვდებით. კონკრეტულად ამ ადამიანებს ადრეც არაერთხელ შევხვდი. თითოეულის გულისწუხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე პრობლემა, მოსმენას აუცილებლად იმსახურებს.
ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომელიც არ ითვალისწინებს საზოგადოების აზრს. ვიცით როგორია უმრავლესობის განწყობა, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ერთი ადამიანიც თუ აპროტესტებს რაღაცას მას აუცილებლად შევხვდებით და მოვუსმენთ.
მინდა აღვნიშნო, რომ თავად სასკოლო საზოგადოება მასწავლებლები და მშობლები სცემს პასუხს დირექტორობის მსურველთა კონკურსის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რომ არსად არ გამოკვეთილა არანაირი სამართალდარღვევა და ამ პროცესს უკმაყოფილება არ გამოუწვევია. თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია”,- განაცხადა ამილახვარმა.