ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

ნიკოლ ფაშინიანი – მზად ვართ, აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტს ხელი სწრაფად მოვაწეროთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული.

„ამ ბოლო დროს გსმენიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80 პროცენტი შეთანხმებულია, ასეთი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა პლატფორმებიდან და მინდა განვაცხადო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ამ მომენტში სრულად არის შეთანხმებული ცამეტი მუხლი და სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის პრეამბულა, ხოლო კიდევ სამი მუხლი, რომელიც ძირითადად, ორი წინადადებისგან შედგება, ნაწილობრივ შეთანხმებულია. უფრო არსებითად რომ ვთქვათ, ამ მუხლის ერთი წინადადება შეთანხმებულია, მეორე არა“, – აღნიშნა ფაშინიანმა ფორუმზე “ერევნის დიალოგი“.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული დებულებები მოიცავს ურთიერთობების დამყარების ყველა ძირითად ქვაკუთხედს, ფუნდამენტურ დებულებას, რომელიც აღიქმება საერთაშორისო დონეზე, სთავაზობს, რომ ყველა შეთანხმებულ დებულებას, ხელი მოეწეროს.

„შეიქმნას ფუნდამენტური დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე, მით უმეტეს, რომ ეს წარმოადგენს სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი შეთანხმებულ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც ორივე მხარეს, როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს, მისცემს შესაძლებლობას გააგრძელონ დისკუსია ერთობლივი მექანიზმით”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი შეთანხმებული მუხლი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ეხება.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენ გავაკეთეთ ეს შეთავაზება საჯაროდ და ოფიციალურად და მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მზადყოფნა, ჩემი მზადყოფნა, სწრაფად მოვაწეროთ ხელი მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებულ ტექსტს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.